უკრაინის დაზვერვა ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს – სააკაშვილი კონტრაბანდაზე

არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„გუშინ გაისმა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ამარაგებენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილებს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. გია ლორთქიფანიძეს დააბრალეს, რომელიც საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს – კონტრდაზვერვაში. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ სავარაუდოდ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია, თუ ეს ასეა, თითოეული ამ ტანკის დეტალზე არის დავით გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დავით რატიანის და უამრავი სხვა უკრაინელი, თუ ქართველი მებრძოლის სისხლი. არ შეიძლება საქართველო ამაში მონაწილეობდეს, ხდება კაპიტულაციის მომზადება და გვიპირებენ ჩაბარებას.

გვაჩვენონ სია იმისა, თუ რა არის სანქცირებული, თუ საზღვარზე მართლაც აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, უნდა არსებობდეს ინსტრუქცია, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაჯერება. არაფერ შუაშია „ნაციონალები“ ამბობენ ამას“, მითიური გია ლორთქიფანიძე თუ სხვა. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომელიც იმყოფება მათ შორის ჩვენს ომში იმისთვის, რომ აქ არ შემოგვივარდნენ რუსები, ყელი არ გამოგვჭრან, არ დაგვახრჩონ, არ გაგვანადგურონ და ჩვენი შვილები არ გააუპატიურონ, რასაც აკეთებენ ყველგან. როდესაც უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ტერიტორია მაჩაბელში და თამარაშენში, დაიჭირეს ქართველი გოგონა და 25-მა რუსმა სამხედრომ გააუპატიურა, ესეც ჩვენი წინააღმდეგობის შედეგი იყო? ამ დროს სამხედრო ნაწილები იყო გამოყვანილი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.