უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება მრავალი წელი – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით “ემოციური აჟიოტაჟია შექმნილი”. მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მრავალი წელი დასჭირდება,

“საქმე გვაქვს იმასთან, რომ ომის გათვალისწინებით უკრაინას დაჩქარებულად შესთავაზეს რისი განხილვა – ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა. ამაზეა საუბარი, აქ არ არის საუბარი უკრაინის გაწევრიანებაზეც კი, საუბარია კანდიდატის პერსპექტივის მინიჭებაზე. ასეც თუ ისეც, უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში დასჭირდება მრავალი წელი, რადგან არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას თანაბრად”,– თქვა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, წევრობის მოთხოვნაზე განაცხადს საქართველო 2024 წელს შეიტანს, როდესაც ვალდებულებების სერიოზული ნაწილი იქნება შესრულებული.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კონსულტაციები ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ასეთი შეთავაზება ომში მყოფი ქვეყნისთვის რელევანტურია, ხოლო საქართველოსთვის და მოლდოვასთვის – არარელევანტური.

“ჩვენ აუცილებლად უნდა შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში, თუმცა ნებისმიერი განაცხადის შეტანა ნაჩქარევად, თუ ამაზე არ იქნება შესაბამისი ინიციატივა, და ეს ინიციატივა უკრაინასთან მიმართებით არის დოკუმენტურად გაფორმებული ევროკავშირში, ნაჩქარევი ინიციატივა შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული.

ჩვენ 2 წლის განმავლობაში რაღაც პირობები უნდა შევასრულოთ, ამის შემდეგ ხდება განაცხადი ძლიერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ არა ემოციურ ფონზე, არამედ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ხალხის, ქვეყნის წინაშე, რომ მაქსიმალურად ძლიერი განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირში და არა ნაჩქარევი”,– აღნიშნავს კობახიძე.