უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ რუსები მოლაპარაკებებს ითხოვენ. უკრაინა უარზეა

უკრაინელების კონტრშეტევამ აიძულა რუსეთის ოფიციალური პირები კიევს მოლაპარაკებების განახლების თხოვნით მიმართონ, თუმცა უკრაინულმა მხარემ უარი თქვა, რადგან აგრესორ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში უკრაინის სამხედრო მიზნები ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ამის შესახებ France 24–ს უკრაინის ვიცე პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განუცხადა.

“სტეფანიშინამ თქვა, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მიმართეს უკრაინას მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ახლა უკრაინას ზემოქმედების მეტი ბერკეტები აქვს და ის მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც მის სამხედრო მიზნებს მიაღწევს“–ნათქვამია პუბლიკაციაში.

ჟურნალისტების თქმით, სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ ახლა რუსები კიევს მოლაპარაკებებს სთავაზობენ, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერონ კონტრშეტევის მსვლელობისას.

საუბრისას მინისტრმა წინააღმდეგობის ამ მომენტს შემობრუნების წერტილი უწოდა არა მხოლოდ რუსეთის უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არამედ ომში, რომელიც 2014 წლიდან გრძელდება. სტეფანიშინამ გამოთქვა რწმენა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში და ყირიმში უკრაინის კონტროლ ქვეშ დაბრუნდება.

გარდა ამისა, მან მოუწოდა ევროპული ქვეყნების ლიდერებს დამატებითი სანქციები შემოიღონ რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგორესურსების თემა მისი სუსტი წერტილია და შეზღუდვები სწორედ ამ სექტორს უნდა შეეხოს.