უკრაინის მიერ რუსეთში ობიექტებზე თავდასხმა სრულიად ლეგიტიმურია – ჰეპეი

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰეპეი ამბობს, რომ “სრულიად ლეგიტიმური” იქნება, თუ უკრაინა რუსეთში სამხედრო ობიექტებს შეუტევს.

მისი განცხადებით, უკრაინას სჭირდება ოკუპანტების ლოჯისტიკის დაზიანება.

“ფაქტია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა თავის საზღვრებში და შემდეგ სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაერღვია ეს საზღვრები და 130 000 ჯარისკაცი შეეყვანა მათ ქვეყანაში.

ამით დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ხოლო ომში უკრაინას სჭირდება ოპონენტების სიღრმეში დარტყმა, რათა შეუტიოს მის ლოჯისტიკურ ხაზებს, საწვავის მარაგებს, საბრძოლო მასალის საცავებს. და ეს მისი [ომის] ნაწილია”,– თქვა ჰეპეიმ Guardian-ის ცნობით.

მანვე აღნიშნა, რომ “სრულიად ლეგიტიმურია, უკრაინა მიზნად ისახავდეს რუსეთის სიღრმეში ლოჯისტიკის ჩაშლას, რომელიც, თუ არ ჩაიშლება, პირდაპირ შეუწყობს ხელს უკრაინის მიწაზე მკვლელობებსა და ხოცვა-ჟლეტას“.