უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმები დაიწყო რუსეთთან შეერთების მიზნით

რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანიშნული რეფერენდუმები დღეს დაიწყო და  5 დღე გაგრძელდება. არაღიარებულ “სახალხო რესპუბლიკებში„ ბიულეტენები მხოლოდ რუსულ ენაზეა დაბეჭდილი. ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი უკრაინულ ენაზეც.“შედეგების დათვლის“  შემდეგ კი ეს რეგიონები პუტინს მიმართავენ თხოვნით, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ ცნობილია, რა შედეგებს დაწერენ რეფერენდუმზე, რა საჭიროა 5 დღიანი პაუზა, უცნობია.რუსეთის ხელისუფლება ამჯერად არც კი ცდილობს ე.წ. რეფერენდუმებს ლეგიტიმური პროცედურების ფორმა მისცეს, განსხვავებით 2014 წლის ყირიმის ე.წ. რეფერენდუმისგან.რუსეთის ხელისუფლება 100%–ით ვერცერთ იმ რეგიონის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, რომლის შეერთებასაც აპირებს.

ამ ოთხი რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებები ამტკიცებენ, რომ რეფერენდუმები გამჭვირვალე და ლეგიტიმური იქნება. ამისათვის უცხოელი დამკვირვებლებიც კი დაპატიჟეს, თუმცა უცნობია, რომელი ქეყნიდან ჩავლენ აქ  დამკვირვებლები.

დონეცკის და ლუგანსკის  ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების შემდეგ სურთ რეგიონების არსებული სახელები შენარჩუნდეს. ზაპოროჟიეს ოლქისთვის კი ზაპოროჟიეს ოლქის ნაცვლად ზაპოროჟიეს მხარის დარქმევას გეგმავენ.

რეფერენდუმის პირველი 4 დღის განმავლობაში ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებს სპეციალურად გამოყოფილი ადამიანები სახლში მიაკითხავენ, ან შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა სახლთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე. მხოლოდ ბოლო დღეს, ანუ 27 სექტემბერს გაიხსნება ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბნები. საოკუპაციო ადგილობრივი ხელისუფლებები ამას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან, რომელთა დიდ ნაწილს ფრონტისპირა დასახლებებში მოუწევს ხმის მიცემა.