უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ჰოსპიტალიზირებულია. კორონავირუსის შედეგად მას ორმხრივი პნევმონია განუვითარდა

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, ელენა ზენესკაია, რომელსაც გასულ კვირას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

პრეზიდენტის ოფისის განცხადებით ელენა ზელენსკაიას Covid19-ის დიაგნოზთან ერთად “ორმხრივი პოლისეგმენტარული საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს. მდგომარეობა სტაბილურია. ჟანგბადის ხელოვნურ მიწოდებას არ საჭიროებს.“

თავად ვლადიმირ ზელენსკის და წყვილის შვილებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. მათ ორშაბათს განმეორებითი ტესტები ჩაუტარეს, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ცოლის ავადმყოფობის გამო ზელენსკი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის – ის შეხვედრებს ფიზიკურად აღარ გამართავს და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველა თათბირი პრეზიდენტის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში იმართება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თქმით ამ პროტოკოლიდან გადახვევა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებშია შესაძლებელი, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.