უკრაინის უმაღლესმა რადამ პარტია ხალხის მსახურის დეპუტატ იური არისტოვს, რომელიც ომის პერიოდში, შვებულებას მალდივებზე ატარებდა, მანდატი ჩამოართვა.
მისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტას 320-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც დეპუტატი სამდღიანი მივლინებით პოლონეთში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ ავადმყოფობა მოიმიზეზა, დროს მალდივებზე ოჯახთან ერთად 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ატარებდა.
ჟურნალისტები მალდივებზე, იმ სასტუმროს დაუკავშირდნენ, რომელშიც რადას დეპუტატი ისვენებდა, სასტუმროს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ იური არისტოვი ნამდვილად იყო მათი სტუმარი.
მიმდინარე წლის, 10 ივლისს, ჯერ კიდევ საზღვარგარეთ ყოფნისას, არისტოვმა ავადმყოფობის შვებულება აიღო, რომელიც 2023 წლის 19 ივლისამდე მოქმედებდა.
48 წლის, იური არისტოვის ბინაში ჩატარდა ჩხრეკის შედეგად დადგინდა მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამგზავრების თარიღის, მიზნისა და მიმართულების შესახებ, ასევე ამოიღეს პასპორტი, რომელიც ადასტურებდა მის მალდივებზე მოგზაურობას.
ამ კურორტზე დასვენება ერთი ღამით, 100,000 გრივნადან (2,600 აშშ დოლარი) 323,000 გრივნამდე (8800 აშშ დოლარი) ჯდება.
ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების გამო, უკრაინელ მამაკაცებს 18-60 წლამდე ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, თუმცა ქვეყნის პარლამენტის წევრებს ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს სამუშაო მიზნებისთვისაა.
“ნებისმიერი შიდა ღალატი, ნებისმიერი “სანაპირო” ან ნებისმიერი პირადული სარგებელი უკრაინის ინტერესების სანაცვლოდ, სულ მცირე რისხვას, გაბრაზებას იწვევს. დაიმახსოვრეთ ეს”, – განაცხადა უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.