უკრაინის რადამ რაბინოვიჩს სადეპუტატო მანდატი ჩამოართვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ორ სახალხო დეპუტატს მანდატი ჩამოართვა.

“პარლამენტმა ვადაზე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება ორ სახალხო დეპუტატს – ი.ი. ვასილკოვსკის და ვ.ზ. რაბინოვიჩს, რომლებსაც 2022 წლის 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვათ“–წერს რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამში.

მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას 304 დეპუტატიდან 292–მა დაუჭირა მხარი.

ვადიმ რაბინოვიჩი პრორუსული პარტიის, “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ერთ–ერთი ლიდერი იყო, რომელსაც უკრაინაში საქმიანობა სექტემბერში საბოლოოდ აუკრძალეს.

თავად რაბინოვიჩი აცხადებდა, რომ უკრაინიდან ისრაელში ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში წავიდა – რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

იგორ ვასილკოვსკი პარლამენტში პარტია “ხალხის მსახურიდან“ მოხვდა.

ივლისში გამოჩნდა ინფორმაცია ამ ორივე დეპუტატისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. საქმე ეხება პრეზიდენტის საიდუმლო ბრძანებას  №502/2022 , რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.