უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 5 სექტემბერს დანიშნულმა ანდრი სიბიგამ 8 სექტემბერს, ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ გამოაცხადა, რომ საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა. სიბიგამ მიზეზად ის დაასახელა, რომ ხარიშინს აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე ირინა ბოროვეცი.
ელჩებთან და კონსულებთან თათბირის შემდეგ სიბიგამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინული დიპლომატიის უპირობო პრიორიტეტია იარაღი და თავდაცვის ძალების სხვა საჭიროებები. მან ელჩებს განუსაზღვრა მუშაობის ეფექტიანობის კრიტერიუმები – კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა. სიბიგას განცხადებით, ელჩები ომის რეალიებს მოწყვეტილი ვერ იქნებიან.
უკრაინას ორ წელზე მეტია საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.