უკრაინის ფანი ვარ და ყოველთვის ვიყავი – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების გაერთიანება რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ადასტურებს, რომ უკრაინის მოქალაქეებს, გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, აქვთ საერთო ღირებულებები და შეხედულებები სტრატეგიულ საკითხებზე.

“ჩემთვის გასაკვირი არ იყო, რომ ჩვენი ხალხი ასეთი ერთიანია. ხანდახან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს განსხვავებული აზრი აქვს, რაღაცეების მიმართ განსხვავებული შეხედულება, განსხვავებული ხალხია. აღმოსავლეთში უფრო მეტად რუსულად ლაპარაკობენ, დასავლეთში კი უკრაინულად.

მაგრამ ჩვენ ყველანი გაერთიანებულები ვართ და ბედნიერი ვარ, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩემი ნდობა დადასტურდა. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთნაირები. ჩვენ განსხვავებულები ვართ დეტალებითა და წვრილმანებით, მაგრამ ერთნაირები ვართ მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საკითხებში. ჩვენ გვაქვს იგივე ღირებულებები“, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, ის ყოველთვის თვლიდა უკრაინას საუკეთესო ქვეყნად მსოფლიოში.

“უკრაინის ფანი ვარ, ყოველთვის ვიყავი. ყოველთვის, როცა საშუალება მქონდა, ამერჩია სად დამესვენებინა პრეზიდენტობამდე, ამა თუ იმ ადგილს ვირჩევდი უკრაინაში. მაშინაც კი, თუ მთები სადმე უფრო მაღალი და უკეთესია, ჩემთვის უკრაინაში ის ყოველთვის საუკეთესოა”,– აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე დაამატა, რომ თავს მხოლოდ უკრაინაში გრძნობს საკუთარ სახლში.