უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალი ადასტურებს, რომ ყირიმის ხიდს პირველი შესაძლებლობისთანავე გაანადგურებენ

გენერალ დმიტრი მარჩენკოს თქმით, უკრაინა ქერჩის და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე დარტყმას მიიტანს, როგორც კი საჭირო იარაღს მიიღებს.

ქერჩის ხიდი უკრაინელი სამხედროებისთვის პრიორიტეტული სამიზნეა –უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ობიექტზე დარტყმას განახორციელებენ,  როგორც კი ამ ამოცანისთვის საჭირო იარაღს მიიღებენ–განაცხადა გენერალ–მაიორმა დმიტრი მარჩენკომ.

“ეს იქნება გასანადგურებელი  სამიზნე ნომერი ერთი. ეს არის რეზერვებით მომარაგების ძირითადი არტერია, რომელიც უნდა გადავჭრათ. როგორც კი ეს არტერია გადაიჭრება, დაიწყება პანიკა, და მერწმუნეთ, ისინი, ვინც სიმფეროპოლში და ყირიმში რუსული დროშებით დარბოდა, სწრაფად დაიჭერენ უკრაინულ დროშებს და ამ დროშებით ირბენენ. სამწუხაროდ, იქ ასეთი მოსახლეობაა“.

გენერლის თქმით, უკრაინული ძალების განზრახვა, ხიდზე შეტევა მიიტანონ, არც რუსი სამხედროებისთვის და არც ყირიმის მოსახლეობისთვის საიდუმლო არ არის.

უკრაინის ოფიციალური პირები მართლაც არ მალავენ, რომ ყირიმის ხიდის განადგურებას აპირებენ. მაგალითად, ჯერ კიდევ აპრილში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აუცილებლად დაარტყამენ ხიდს, რომელსაც რუსები თავისი არმიის უზრუნველსაყოფად იყენებენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდება. მისი თქმით, უკრაინას რომ შესაბამისი იარაღი ქონოდა, ამას უკვე აქამდე გააკეთებდნენ. დანილოვის განცხადების კომენტირებისას რუსეთის ფეესბეს გადამდგარმა პოლკოვნიკმა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, იგორ სტრელკოვმა თქვა, რომ უკრაინელები მაშინვე მიიტანენ ხიდზე შეტევას, როგორც კი ეს შესაძლებელი, რეალური და მომგებიანი იქნება, და ამისთვის უკრაინული არმიისთვის ხელსაყრელ დროს შეარჩევენ. გირკინი დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ამოცანის შესრულება ხელეწიფებათ, რადგან მათ უკვე მოახერხეს იმის დემონსტრირება, რა შეუძლიათ, როცა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი “მასკვა“ ჩაძირეს.

ქერჩის ყურეში ხიდი 2018 წელს აშენდა. 2019 წლიდან ხიდზე მატარებლები ამოძრავდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის სამხრეთით რუსეთის შეჭრის მოსამზადებლად. მას აქტიურად იყენებენ ახლაც და მისი საშუალებით რუსეთიდან ყირიმში სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები გადაჰყავთ ფრონტზე გასაგზავნად.