ბრიტანეთის სამეფო გაერთიანებული კვლევების (RUSI) ექსპერტმა, ჯეკ უოტლინგმა გამოაქვეყნა ანალიტიკური ჩანაწერი, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის მიმდინარეობას აფასებს და ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, როგორ განვითარდება ის მომავალში.
უოტლინგის თქმით, ოპერაციის გადამწყვეტი ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ ექსპერტებმა ამ დროისთვის თავი უნდა შეიკავონ მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ყოველგვარი შეფასებისგან.
ანალიტიკოსის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მოახერხეს რუსული არმიის საწყისი პოზიციების გარღვევა ფრონტის ფართო მონაკვეთზე, მაგრამ ჯერჯერობით ისინი შორს არიან მთავარი თავდაცვითი ხაზისგან. „კიევს ჯერ არ აუმოქმედებია თავისი ძალების დიდი ნაწილი და მისი მოწინავე ქვედანაყოფები ცდილობენ შექმნან პირობები გარღვევისთვის“, წერს უოტლინგი.
ის აღნიშნავს, რომ უკრაინულ ძალებს ოპერაციის პირველ ეტაპზე გაუჭირდათ. თავდაცვის პირველი ხაზი, ექსპერტის აზრით, იყო მხოლოდ ხელით გათხრილი თხრილები და დუგუნები, მაგრამ მათ უკან იყო უზარმაზარი დანაღმული ველები, რომლებიც რუსული თვითმფრინავების და არტილერიის მიერ იბომბებოდა.
რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზი, რომელიც მდებარეობს უკრაინის ამჟამინდელი პოზიციებიდან 15-20 კილომეტრში, შედგება პროფესიონალურად გათხრილი თხრილებისაგან, ბეტონის საცეცხლე წერტილებისგან, სატანკო ბარიერებისგან და ნაღმებისგან, წერს უოტლინგი. ასევე არსებობს საკაბელო კავშირი საარტილერიო დარტყმების კოორდინაციისთვის. მეორე თავდაცვითი ხაზის უკან არის სარეზერვო პოზიციების კიდევ ერთი, მესამე რიგი, ასკვნის ექსპერტი.
ის პროგნოზირებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბრძოლა მალე კიდევ უფრო გართულდება, რადგან რაც უფრო ღრმად შეაღწევენ ისინი რუსეთის თავდაცვის ხაზებში, მით მეტია შესაძლებლობა რუსული არტილერიისთვის მათ დასაბომბად. ამავდროულად, უკრაინული საარტილერიო დანადგარები პირიქით, ვერ იმუშავებენ ისე ეფექტურად და უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები გახდება უფრო პროგნოზირებადი, რადგან მათ მოუწევთ გადაადგილება მხოლოდ გასუფთავებულ ტერიტორიებზე. უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ რუსული ავიაციის გამოყენების რისკიც იზრდება.
უოტლინგის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა სამი ძირითადი მიზნის მიღწევას ცდილობენ:
უპირველეს ყოვლისა, ისინი ჩართულნი არიან რუსულ ძალებთან ინტენსიურ ბრძოლაში, სადაც ორივე მხარე ცდილობს დაარტყას მოწინააღმდეგის სარდლობასა და ლოჯისტიკურ ცენტრებს, ასევე მტრის არტილერიას.
მეორე – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სურთ აიძულონ რუსული არმია გამოიყენოს რეზერვები, ანუ გადაისროლოს ჯარები თავდაცვის მესამე ხაზიდან, რათა გააძლიეროს ფრონტის ის სექტორები, რომლებზეც დარტყმები მიმდინარეობს. ამრიგად, უკრაინელ სამხედროებს გაუადვილდებათ რუსული არმიის თავდაცვის სუსტი წერტილების იდენტიფიცირება, ანუ იმ ადგილებისა, სადაც გარღვევის შემდეგ უკრაინულ რაზმებს არ დახვდებიან ახალი სარეზერვო ნაწილები.
მესამე – უკრაინის არმია აპირებს შეტევას მთელი ფრონტის გასწვრივ, რათა მაქსიმალურად წინ წავიდეს თავდაცვის პირველი ხაზის მიღმა. ეს იძლევა ძირითად თავდაცვისხაზზე შეტევის ვარიანტების ფართო სპექტრს , და რუს სამხედროებს გაურკვევლობაში ამყოფებს– მათ უჭირთ გამოცნობა, რომელი იქნება შეტევის მთავარი მიმართულება.გარდა ამისა, მოქმედებების ასეთი ფართო სპექტრი რუსეთის ჯარების გაფანტვას იწვევს და ზღუდავს მათ შესაძლებლობებს შექმნან ეშელონირებული თავდაცვა.
უკრაინის შეტევის მომავალზე უოტლინგი წერს, რომ რაღაც მომენტში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწევთ გადაწყვიტონ მთავარი დარტყმის მიმართულება. სწორედ მაშინ, მისი თქმით, დაიწყება ოპერაციის გადამწყვეტი ეტაპი.
“როდესაც ეს ფორმირებები გააქტიურდება, შეტევა გამოიწვევს გარღვევას ან კოლაფსს”, – თქვა RUSI –ს ექსპერტმა. “თავდაცვის ხაზი ან დაირღვევა, ან არა – და კიევმა უნდა მოამზადოს ბრძოლის ველი, რომ გარღვევის ალბათობა გაზარდოს.“
თუ ასეთი გარღვევა მოხდება, მთავარი კითხვა იქნება, თუ რამდენი სარეზერვო შენაერთის გაგზავნას შეძლებს უკრაინა, რომ სრულად ისარგებლოს მისი წარმატებით, განაგრძობს უოთლინგი და დასძენს, რომ ამ მომენტში მოქმედების სიჩქარე გადამწყვეტი იქნება.
მისი აზრით, ჯერ არ არის შესაძლებელი რუსული ჯარების მორალური სულისკვეთების ზუსტი შეფასება – და ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ახლა რუსები წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე იბრძვიან – და მათი კონტროლის სისტემა ძირითადად ადგილზეა. მაგრამ თუ რუსული არმია იძულებული გახდება დისლოკაცია შეიცვალოს, „მოსკოვის ძალების ცუდმა წვრთნამ და დისციპლინამ შეიძლება გამოიწვიოს თავდაცვის კოორდინაციის დაკარგვა და მისი კოლაფსის მოახლოება“.
„ასეთი პირობების შექმნას დასჭირდება უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი ქმედებები, რომლებსაც მოუწევთ რუსებს გადაადგილება აიძულონ . თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, თავდაცვის სიძლიერე შეიძლება სწრაფად დაიშალოს. უკრაინას შეუძლია მსგავსი სიტუაციის შექმნა სცადოს, მაგრამ ამის იმედზე ყოფნა არ შეიძლება“, – თქვა უოტლინგმა.
მისი პროგნოზით, უკრაინის დასავლელი პარტნიორებისთვის ძალიან რთული ზაფხული იქნება, რადგან უკრაინის დანაკარგები გაიზრდება და წარმატებას დრო დასჭირდება. თუმცა, ექსპერტის აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინელი სამხედროების წვრთნა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგება საჭირო აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით.
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ტერიტორია გათავისუფლდება ამ შეტევის დროს, მნიშვნელოვანია, დამაჯერებლად ვაჩვენოთ კრემლს, რომ მისი დამარცხება გარდაუვალია – თუნდაც ეს მოხდეს რამდენიმე ეტაპად“, – ასკვნის ექსპერტი.