უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკში საწვრთნელ პოლიგონს დაარტყეს, რასაც ათეულობით რუსი სამხედრო ემსხვერპლა

20 თებერვალს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ  შუადღისას, უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, HIMARS MLRS-დან ორი რაკეტით შეტევა განახორციელეს დონეცკის ოლქის ვოლნოვახას რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მდებარე საწვრთნელ პოლიგონზე იმ მომენტში, როცა  სასწავლო მოედანზე 36-ე გვარდიული მოტომსროლელი ბრიგადის (სამხედრო ნაწილი 06705) სამხედროები მწყობრში იდგნენ. ამ ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილი  ტრანს-ბაიკალის ტერიტორიის ქალაქი ბორზია.

დარტყმის დროს ამ ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულის სამხედროები საწვრთნელ მოედანზე იმყოფებოდნენ და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის მოსვლას ელოდნენ.

„მეთაურებმა ისინი ღია მინდორში დააყენეს“, – ამბობს  ერთ-ერთი გადარჩენილი სამხედრო მოსამსახურე მის მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერში.

საერთო ჯამში, გავრცელდა 10-ზე მეტი ფოტო და ვიდეო პოლიგონიდან, რომელიც გადაღებულია დარტყმის შემდეგ – ამ მასალებზე ჩანს ათეულობით დაღუპული, საერთო ჯამში, სხვადასხვა შეფასებით, მათ შორის თავად 36-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების ჩათვლით, დარტყმის შედეგად მინიმუმ 60 ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო.

უკრაინის ხელისუფლება მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

სოფელ ტრუდოვსკოეს მახლობლად პოლიგონზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც სამხედრო უწყების უფროსმა ისაუბრა რუსული არმიის წარმატებებზე ავდეევკაში და ფრონტის სხვა სექტორებში.