უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიის პორტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტევის შედეგად განადგურდა დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი“.
ფეოდოსიას პორტში სარაკეტო დარტყმისა და ძლიერი აფეთქების ფაქტი დასტურდება მრავალი მტკიცებულებით, მაგრამ სანდო დეტალური ინფორმაცია შედეგების, მათ შორის მსხვერპლის შესახებ, ჯერ არ არსებობს.
ფეოდოსიას პორტში გაჩენილი ხანძარი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ და სამშაბათს ღამით ძლიერი აფეთქება გადაიღეს სხვადასხვა კუთხით და ინტერნეტში გამოქვეყნდა ქალაქის არაერთი მაცხოვრებლის მიერ. მოგვიანებით, შეტევის ფაქტი Telegram-ში დაადასტურა ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა.
მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა გამოაცხადა, რომ ფეოდოსიის პორტში რაკეტა მოხვდა დიდ სადესანტო გემს “ნოვოჩერკასკს“ . გენერალ-ლეიტენანტმა ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელებში ლაკონურ პოსტში მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების მფრინავებს “და ყველას ვინც ჩართული იყო” ამ ოპერაციაში.
სოციალურ ქსელ X–ის მომხმარებელმა (ყოფილი Twitter) Tatarigami_UA, რომელიც დაკავებულია OSINT–ით,ანუ დაზვერვით ღია წყაროების მეშვეობით, 24 დეკემბრიდან გადაამოწმა ფეოდოსიის პორტის სატელიტური სურათი და ამტკიცებს, რომ ამ ტიპის სადესანტო ხომალდი – „Project 775“ იმყოფებოდა სანაპიროს კედელთან და ზუსტად იმ ადგილას, სადაც ღამის ვიდეოებისა და ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აფეთქება მოხდა.
სამშაბათს დილით უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმა განხორციელდა საკრუიზო რაკეტებით – მათი ტიპის დაზუსტების გარეშე.
უკრაინულმა ავიაციამ წარსულში უკვე შეუტია ყირიმში მდებარე სამიზნეებს ბრიტანული Storm Shadow საკრუიზო რაკეტებით და მათი ანალოგებით, რომლებიც თვითმფრინავიდან არის გაშვებული. შესაძლებელია – მაგრამ არ არის დადასტურებული – რომ ეს რაკეტები ამ შემთხვევაშიც იყო გამოყენებული.
“თუ ჩვენ უკვე არ გვაქვს ახალი საჩუქრები ნაძვისხის ქვეშ”, – ამბობს ერთი უკრაინელი კომენტატორი სოციალურ ქსელებში. ომის მსვლელობისას არაერთხელ მოხდა, რომ უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა ახალი ტიპის იარაღის გადაცემის შესახებ მხოლოდ მათი გამოყენების შემდეგ გამოაცხადეს .
ღამის განმავლობაში ბევრმა უკრაინელმა მომხმარებელმა გაიმეორა ტელეგრამის არხ «Крымский ветер»–ის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ გემმა ყირიმში ირანული კამიკაძე დრონები ჩამოიტანა. თუ მეორადი აფეთქების ძალით ვიმსჯელებთ, რაც ვიდეოებზე ჩანს, სავარაუდოდ პორტში გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალები აფეთქდა.
ეს ვარაუდი არც თუ ისე ლოგიკურია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს პირდაპირი საზღვაო გზა ირანიდან შავ ზღვამდე და შემოვლითი გზა დაკეტილია: თურქეთი, რომელიც ასრულებს მონტრეს კონვენციას, ომის დროს არ უშვებს სამხედრო გემებსა და ტვირთებს ბოსფორის გავლით.
ჯერ არ არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აფეთქდა ფეოდოსიის პორტში, რამაც ცაში უზარმაზარი ცეცხლოვანი სოკო გამოიწვია.
მოკლე ქრონოლოგია
ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამით სამის ნახევარზე გამოცხადდა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაიკეტა. ეს ჩვეულებრივ კეთდება რაკეტის ან დრონების თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში.
შემდეგ, დაახლოებით ღამის 2 საათსა და 50 წუთზე ფეოდოსიაში პირველი აფეთქებები გაისმა. . ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამის არხი “«Крымский ветер»” წერს, რომელიც ყირიმში აბონენტებთან კონტაქტს ინარჩუნებს.
ამის შემდეგ პორტში, სავარაუდოდ, გემზე ხანძარი გაჩნდა და 3:31 საათზე, ამავე ტელეგრამარხის ცნობით, ძლიერი აფეთქება გაისმა და პორტის ზემოთ ცეცხლოვანი „სოკო“ გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების ბოლო წამების ამსახველი ვიდეო ფეოდოსიის რამდენიმე მცხოვრებმა გამოაქვეყნა.
აფეთქების შედეგად მინები ჩაიმსხვრა მიმდებარე სახლებში. სერგეი აქსენოვმა, რომელიც პორტზე თავდასხმის შესახებ იუწყება, დაწერა: „რამდენიმე სახლის მცხოვრებლებს გამოასახლებენ“.
“ნოვოჩერკასკი” რუსეთ-უკრაინის ომის დროს მეორედ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. პირველად უკრაინულმა რაკეტებმა მას 2022 წლის მარტში ბერდიანსკის პორტში დაარტყა , სადაც მან სამხედრო ტექნიკა შეიტანა. მაშინ, არაოფიციალური მონაცემებით, მისი ეკიპაჟის სულ მცირე სამი წევრი დაიღუპა.
ამ სარაკეტო დარტყმით უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს კიდევ ერთი რუსული სადესანტო ხომალდი „სარატოვი“. კიდევ ერთი სადესანტო ხომალდი „ოლენეგორსკი მაინერი“ მიმდინარე წლის აგვისტოში ნოვოროსიისკში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონების მიერ დაზიანდა და მიმდინარეობს მისი შეკეთება.
დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი“ არის “პროექტ 775“–ის გემიდან ერთ-ერთი, რომელიც განკუთვნილია ჯარების ტრანსპორტირებისთვის და სადესანტოდ. ისინი საბჭოთა პერიოდში აშენდა პოლონეთში და ნატო-მ გემების ამ კლასს უწოდა პოლონური სიტყვა«ropucha» – გომბეშო.
ასეთ გემს შეუძლია გადაიტანოს 480 ტონა ტვირთი – მაგალითად, 10 ტანკი, ან რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა, არტილერია და მანქანები სხვადასხვა კომბინაციით; ასევე 150 მედესანტე. გემის ეკიპაჟის რაოდენობა თითქმის 100 ადამიანია.