უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ფიქრობს, რომ რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი შესაძლოა გაცვალონ, თუმცა მანამდე კარგი იქნება მისგან ინფორმაციის მიღება.
„ჩვენ უნდა გავცვალოთ, თუ არის ასეთი შესაძლებლობა… მაგრამ როცა მედვედჩუკზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იქნება ორი რამის გაკეთება: თუნდაც რაიმე მტკიცებულების მიღება, რადგან მას აქვს უზარმაზარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ, ვის, რამდენი და რისთვის მისცა რუსეთის ფედერაციიდან “მეხუთე კოლონის“ შესაქმნელად, კოლაბორაციონისტთა მოძრაობის შესაქმნელად.
იდეალური იქნება, თუ ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა – პროკურორებმა ეს უფრო კარგად უნდა გაიგონ – რაც შეიძლება მალე ჩატარდეს სასამართლო პროცესი, მისცენ მას შესაბამისი ვადა, მიიღონ მისგან მტკიცებულებები და შემდეგ გაცვალონ”,– თქვა დენისენკომ.
უკრაინელი ოფიციალური პირის კომენტარს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა და დენისკენკოს განცხადებას “ბრიტანული სქემა” უწოდა.
“გასაგებია? ბრიტანული სქემა: სწრაფი სასამართლო პროცესის ჩატარება, ვადის მისჯა, და შემდეგ ჩვენებების მიღება. მუშაობს შეუფერხებლად”,– წერს ზახაროვა ტელეგრამ არხზე.
ცნობისთვის, პრორუსი ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. ზელენსკიმ შესთავაზა რუსეთს მედვედჩუკის გაცვლა უკრაინელ ტყვეებში.