საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 1 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.
”უკრაინელთა კონტრშეტევის შესახებ ინფორმაცია შეგნებულად ძალიან მწირი და დეფიციტურია. უკრაინელები ცდილობენ რომ ინფორმაცია დაიცვან და მოწინააღმდეგის დაზვერვას არ გაუადვილონ საქმე. რუსები კი ფაქტებს ან ამახინჯებენ ან საერთოდ მალავენ, რადგან ისედაც მძიმე სიტუაცია პანიკაში არ გადაზარდონ და კონტროლის განცდა შეინარჩუნონ.
– რუსები ვარაუდობენ, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინულ იერიშებში ინგლისში გაწვრთნილი სამხედროებიც ჩაერთნენ. უკრაინული შეტევა არ არის გაფანტული და მთელ ფრონტზე გაშლილი, არამედ ამორჩეულია რამდენიმე სუსტი წერტილი და ამ მიმართულებით ვითარდება შეტევა.
– დღეს საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ თურქული წარმოშობის უკრაინული უპილოტოები “ბაირაქტარები”. ისინი რუსულ სამხედრო ტექნიკასა და სატვირთოებს ბომბავენ. ერთი შეხედვით რუსული რადარების ფონზე დრონებს უნდა უჭირდეთ ფრენა, მაგრამ უკრაინელებს როგორც ჩანს ძალიან დიდი რაოდენობით აქვთ რადარსაწინააღმდეგო რაკეტები AGM-88 HARM, რომლებიც 80 კილომეტრის რადიუსში რუსულ რადარებს ანადგურებენ. ეს კი ცაში უკრაინულ ფაქტობრივ უპირატესობას ნიშნავს. რადარის მხარდაჭერის გარეშე ფრენა რუსებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო უკრაინული ავიაციისა და უპილოტოებისათვის ასეთი საფრენი პირობები საუკეთესოა.
– რუსული დანაყოფები, რომლებიც დღესაც ცდილობდნენ მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე გადასვლას კვლავ დაბომბვაში მოყვნენ. ამასთან, პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსებს მდინარე დნეპრის გასწვრივ ჰქონდათ მოწყობილი ან დაკავებული – განადგურებულია, ხოლო ტექნიკა – დამწვარი.
– კონტრშეტევის ფონზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება:
1. ვისოკოპილიაში – უკრაინელები ქალაქისათვის ბრძოლაში არიან ჩართულები;
2. არხანგელსკოეში – ბრძოლა ქალაქის მისადგომებთან მიმდინარეობს;
3. კასილევკა – ბრძოლა ქალაქისა და მისი შემოგარენისათვის გრძელდება, თუმცა აქ არსებული მდგომარეობა ყველაზე ბუნდოვანია;
4. დავიდივ ბრიდი – რუსების მიერ კონტროლირებადი ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშეა;
5. სნიჰურივკა – ქალაქის მისადგომებს უკრაინელები უტევენ.
– ზაპორიჟიას რაიონში უკრაინელებმა ნესტერივკა გაათავისუფლეს. ეს მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ თავდაცვის ხაზის ნაწილი სწორედ ამ დასახლებაზე გადიოდა. ახლა გზა მელიტოპოლზე და მანამდე ტოკმაკზე უფრო ადვილად გაიხსნება.
– ენერჰოდარის ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩავიდა და სიტუაცია შეისწავლა. ჯერჯერობით დეტალები არაა ცნობილი.
რუკაზე მდგომარეობა მიახლოებითია, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. – ყვითელი ფერით ის ტერიტორიაა გამოსახული, რომლის გათავისუფლებაც უკრაინელებმა შეძლეს. ისრები კი მათი კონტრშეტევის დაახლოებითი მიმართულებაა. ” – აცხადებს გიორგი კობერიძე.