რუსეთის ექვს რეგიონზე და ანექსირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლზე წუხელ უკრაინული საბრძოლო დრონების მასირებული შეტევა განხორციელდა
ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა დრონების ასეთი მასირებული შეტევა თითქმის ერთდროულად მოხდა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე.
ყველაზე ძლიერი შეტევა ფსკოვის აეროპორტში მოხდა.შედეგად ფსკოვის აეროპორტში ილ 74–ის 4 სამხედრო –სატრანსპორტო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული სააგენტოების ინფორმაციით დაზიანდა 4 თვითმფრინავი, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 4 თვითმფრინავი სრულად განადგურდა, კიდევ რამდენიმე კი დაზიანდა.ერთი ილ-76-ის თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. ვრცელდება ინფორმაცია ერთი Tu-22M3 სტრატეგიული ბომბდამშენის განადგურების შესახებაც.
ინფორმაცია ფსკოვის აეროპორტში აფეთქებების სერიის შესახებ ღამის თორმეტი საათისთვის გავრცელდა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა აფეთქების ამსახველი კადრებიც.
ზოგიერთი ინფორმაციით, ერთ–ერთი დრონი აეროპორტში საწვავის შემნახველ კომპლექსს დაეჯახა. მაშტაბური ხანძარი შორი მანძილიდანაც ჩანდა.
ადგილობრივების ინფორმაციით მოხდა მინიმუმ 5 აფეთქება. კრესტის აეროპორტის ტერიტორია მაშტაბურმა ცეცხლმა მოიცვა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, აფეთქებების სერიის გარდა აეროპორტის რაიონიდან ისმოდა სროლის ხმაც. სავარაუდოდ ეს იყო დრონების ჩამოგდების მცდელობა. ფსკოვის გუბერნიის ინფორმაციით აეროპორტზე შეტევაში მინიმუმ 10 დრონი მონაწილეობდა.
ფსკოვის აეროპორტი ე.წ. ერთობლივი ბაზირების აეროდრომია, რომელიც ერთდროულად არის სამოქალაქე აეროპორტი და სამხედრო ავიაბაზა. ღია წყაროების ინფორმაციით აქ ბაზირებულია რუსეთის არმიის 334–ე სამხედრო–სატრანსპორტო ავიაპოლკი.
ტელეგრამის არხები იუწყებოდნენ ხანძრის შესახებ სამხედრო ნაწილის მიდამოში, ფსკოვის აეროპორტის მახლობლად.ეს არის ГРУ-ს სპეცრაზმის მე-2 ბრიგადის ტერიტორია პრომეჟიცში, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა.
ფსკოვიდან უკრაინის საზღვრამდე პირდაპირი ხაზით დაახლოებით 700 კილომეტრია. როგორ მოახერხეს უკრაინულმა დრონებმა ამხელა მანძილის გავლა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რუსული მხარე გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა დრონები ესტონეთის ტერიტორიიდან აფრინდნენ, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება არ არსებობს.
რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი ფსკოვის აფეთქებით აღშფოთებულია და ვერ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე შეტევას ითხოვს:
“მოდი რამდენიმე ცხადი კითხვა დავსვათ: ფსკოვი ხომ ნატოს საზღვრის გვერდით არის? საიდან გაუშვეს დრონი? უკრაინიდან? თუ ბალტიისპირეთის ტერიტორიდიან? თუ ასეა, გაანადგურეთ ბალტიისპირეთი დროზე! აღგავეთ პირისაგან მიწისა!“– ამბობს სალავიოვი.
ფსკოვში აფეთქებიდან მალევე დრონები გამოჩნდნენ ბრიანსკის ოლქში.
ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით ქალაქში მინიმუმ 2 მძლავრი აფეთქების ხმა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი დრონი დაეცა აქ მდებარე რუსეთის ერთ–ერთ უმსხვილეს მიკროელექტრონიკის ქარხანას, რასაც შედეგად ხანძარი მოჰყვა.
დილით ბრიანსკის ადმინისტრაციამ დაწერა საგამოძიებო კომიტეტის შენობაზე დრონის დაცემის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია წაშალა. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით მათ 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათ შორის ერთი ქალაქის ტელეანძაზე შეტევას ცდილობდა. არავინ დაშავებულა.
ფსკოვის და ბრიანსკის გარდა, რეგიონული ხელისუფლებები და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდნენ დრონების ჩამოგდების შესახებ ორლოვსკის, კალუგის, რიაზანის ოლქში. თუმცა სხვადასხვა უწყებები განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ დრონების რაოდენობის შესახებ.
ფსკოვში და ბრიანსკში აფეთქების პარალელურად რუსეთის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა ტულის ოლქის და მოსკოვის ოლქის ნაწილის თავზე. კალუგის რეგიონს, სავარაუდოდ, ორი დრონით დაესხნენ თავს. პირველი ჩამოაგდეს , მეორე ძერჟინსკის რაიონში ნავთობის ავზს დაეჯახა და ხანძარი გაჩნდა. მოსკოვის ოლქში კი ღამის განმავლობაში ორჯერ შემოიღეს საგანგებო რეჟიმი, რომელიც მაშინ ცხადდება, თუ ცაში არასასურველ მფრინავ ობიექტებს შენიშნავენ. დროებით დაიკეტა მოსკოვის ვნუკოვოს და დომოდედოვოს აეროპორტები.
მოსკოვის მერმა მოგვიანებით დაწერა, რომ ღამით იყო ცენტრალურ ფედერალურ ოლქზე დრონებით მასირებული შეტევის მცდელობა. მისი ინფორმაციით, დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა რუზსკის რაიონში გაანადგურეს.