უკრაინული საიტი, სავარაუდოდ, სააკაშვილისა და ადეიშვილის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს – ავთენტურობა დაუდგენელია

ტელეკომპანია „იმედი“ და primtime-ი უკრაინულ საიტ Obozervatel.сom-ზე დაყრდნობით აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრობენ.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ყოფილი თანამდებობის პირები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ნიკა გვარამაიამ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

აუდიოჩანაწერს მითითებული აქვს უკრაინული სუბტიტრები. დადასტურებული არ არის მისი  ავთენტურობა. ასევე, უცნობია, როგორ მოიპოვა ან რა მიზნით გაავრცელა ჩანაწერი უკრაინულმა გამოცემამ.

გიორგი გაბუნიას თქმით, ამ ჩანაწერზე ინფორმაცია არ აქვს და კომენტარს ვერ გააკეთებს. ჩანაწერს არ გამოხმაურებია არც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.