მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბერაია უნდა იკავებდეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას? თუ თქვენ გსურთ, რომ დაწესდეს რეალური, ქმედითი სანქცია ამ ამორალური, სამარცხვინო განცხადების გამო ამ კონკრეტული ინდივიდის წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან. გასაგებია, რომ პარლამენტის წევრები არიან არჩეულები ხალხის მიერ და შესაბამისად, მათი გადარჩევა შეუძლებელია, თუმცა აქაც თქვენი მორალური ღერძი სწორი რომ იყოს, მას მოუწოდებდით მანდატი დაეტოვებინა. მაგრამ ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც პირდაპირ სუს-იდან არის ნაკარნახევი და რომელიც მიზნად ისახავს ყველაზე აქტიური, ყველაზე პრინციპული და უკომპრომისო ოპოზიციონერი ქალების გაჩუმებას და ეს ძალიან კარგად გვესმის, რომ ხდება განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ვაქტიურობთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა თქვენი მოწოდება, რომ მან დატოვოს მანდატი. მაგრამ მინიმალური არის ის, რომ დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, რადგან უკიდურესად შეუსაბამოა ის თავისი პოზიციისთვის. გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ბატონო შალვა
ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და შალვა პაპუაშვილს მიმართა, დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.