დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ აუცილებელია პირბადე იმ ადამიანებმაც ატარონ, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა.
მისი თქმით, მსოფლიოში დაფიქსირებულია რეინფიცირების შემთხვევები და საქართველოშიც სწავლობენ ასეთ ფაქტებს.
“ბევრი არა, მაგრამ ასეთი შემთხვევები უკვე აღწერილია მსოფლიოში, უკვე დადასტურებულად რომ ადამიანს მეორეჯერ დაემართა კოვიდი. სხვათა შორის, აღწერილია შემთხვევა, როცა პირველად ძალიან მსუბუქად გადაიტანა და მეორედ, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დამთავრდა. აქედან გამომდინარე, ყველამ ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და ატარონ პირბადე.
ჩვენც ვსწავლობთ რამდენიმე შემთხვევას, რომელიც საქართველოში გვაქვს დაფიქსირებული, ჯერ საბოლოო დასკვნა არ გამოგვიტანია”,– ამბობს პაატა იმნაძე.