პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში მივიდა.
შესვლამდე მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის მიღწევა, თუმცა ეს რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური შურისძიების დასრულების გარეშე ვერ წარმოუდგენია.
“ეროვნული თანხმობა არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელსაც მე ვერ ვხედავ, სამწუხაროდ, რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ვერ ვხედავ პოლიტიკური პატიმრების და შურისძიების პირობებში. ხელოვნურად ხდება ხოლმე რაღაცნაირად დაყოფა, აბა, ახლა თავისუფლების კომიტეტეში შეხვალ? აბა, შენთვის რომელია უფრო მნიშვნელოვანი, მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა თუ რიგგარეშე არჩევნები? როგორ შეიძლება ამ ამოცანების ერთმანეთთან დაპირისპირება?!
იმისთვის, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს და წინ ვიაროთ, დიახ, უნდა გამოვიდეს სააკაშვილი, უნდა დავუსვათ წერტილი შურისძიებას. სააკაშვილი თუ გამოვიდა და ივანიშვილი შევიდა, ან კობახიძე თუ შევიდა არასამართლიანად, ამოცანა იგივე დარჩება ჩემთვის, არ აქვს ამ შემთხვევაში გვარებს და სახელებს მნიშვნელობა. რიგგარეშე არჩევნები თუ არ იქნება და ლეგიტიმური ხელისუფლება თუ არ გვეყოლება, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ამიტომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არის შურისძიების მსხვერპლი, არის ობიექტი არაადამიანური მოპრყობის და მე თავიდან ბოლომდე ვიბრძოლებ მისი უფლებებისთვის”,– თქვა ელენე ხოშტარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ სააკაშვილის მკურნალობა კარგი და სწორი იქნებოდა.