უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია – გიორგი გახარია

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოგესალმებით კუთხიდან, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვედ დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.