“რაც შეეხება მის გამოსვლას, მას აქვს გარკვეული გეგმა. მისი დღევანდელი გამოსვლა იყო დაბალ რეგისტრში, ეს არ იყო ის მიშა სააკაშვილი, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, ანუ მუდმივად შემტევი, აგრესიული და ა.შ. ეს შეიძლება გარკვეულწილად ავადმყოფობის შედეგიც არის, მაგრამ გარდა ამისა, პოლიტიკური გათვლა აქვს. მას არ ჰქონდა დღეს ობსტრუქცია ამოცანად, რადგან ის შესულია გრძელვადიან თამაშში. შესაბამისად, ყველა კოზირის მაგიდაზე გადმოლაგება დღეს არ უნდა. ის უფრო საუბრობდა ისტორიულ ჭრილში, წარსულზე, თავის დამსახურებებზე და ა.შ. რამაც ალბათ ბევრი გააღიზიანა, მაგრამ ის ამას საუბრობდა უცხოეთისთვის. მას ესმის, რომ დღეს ყველა მისი სიტყვა იქნებოდა ციტირებული, მათ შორის უცხოურ პრესაში და ცდილობდა, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად აკადემიური.

დღევანდელი მისი ამოცანა იყო აკადემიურობის შენარჩუნება, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ ასე არ გაგრძელდება.

მისი ერთ-ერთი ტაქტიკური ამოცანა არის, რომ ხელისუფლება ცოტა მოეშვას ახლა, ამ პარანოიის შემდეგ, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა, არც ისე საშიშია. ის ადამიანებიც, ვისაც მიშათი აშინებდნენ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ “ქართული ოცნების“ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობა არიან ადამიანები, ვინც დაარწმუნა ხელისუფლებამ, რომ მიშა თუ ჩამოვიდა, ქუჩაში დაიწყებს სირბილს და ყველას თავებს დაგვაჭრის. ამ ადამიანების განწყობაზეც ასე იმოქმედა, რომ არც თუ ისე საშიშია მიშა.

არ ვიცი რომელ სერიაში, მაგრამ რომელიღაცა სერიაში ჩვენ უნდა ველოდოთ სერიოზულ დარტყმებს მისი მხრიდან ხელისუფლების მისამართით. მისი ამოცანა დღეს არ იყო იმ ტიპის ესკალაციაში შესვლა, რითაც ხელისუფლებას გაუჩნდებოდა იმის საფუძველი, რომ შემდგომ სხდომებზე ის არ მიეყვანათ. შესაბამისად, მან საშუალოვადიანი გეგმა აიღო, მან იცის, როდის უნდა გააკეთოს, ის რაც უნდა გააკეთოს და მანამდე ის იქნება ასეთი აკადემიური”

ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო პროცესზე.