უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

“უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე ” – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ჩვენთან ლეტალობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლებია და ერთ-ერთი წარმატებული ვართ სიკვდილობის მაჩვენებლით. ჩვენ ვითარებას ვმართავთ ჯერჯერობით, თუმცა თუ არ იქნება ყველა ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც”, – განაცხადა დავით გადელიამ.

„განვიხილეთ ტრიაჟის საკითხი, თუ როგორ მოხდეს ავადმყოფების ეფექტური გადანაწილება. ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას. ჩვენ ერთი კვირაა ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს. პირადად მე მკურნალობისთვის სასტუმრო მირჩევნია, რადგან უფრო კომფორტულიცაა და მოვლაც ჩვენივე კლინიკის მეთვალყურეობით ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პროფილაქტიკა. პროფილაქტიკური მედიცინის გარეშე ეს რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. სახლშიც კი უნდა მოერიდოთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ყველაზე ხშირი გადადებები ეს არის სახლში. უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე”, – განაცხადა დავით გადელიამ.