წინასწარ ვიცით, უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, – აცხადებს “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, უნდობლობის პროცედურის დაწყებას აზრი არ აქვს, რადგან შედეგს ვერ მოიტანს.
„უნდობლობის პროცედურის დაწყებას მაშინ აქვს აზრი, როცა იცი, რომ რაღაც შედეგამდე მიხვალ. წინასწარ ვიცით, უნდობლობის პროცედურა რომ დავიწყოთ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სამაგიეროდ, იქნება მთელი რიგი პროცესი, როცა ოპოზიცია უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ მინისტრების პორტფელების განაწილება, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე კონსულტაციები, რაც იქნება ძალიან სასაცილო და დაემსგავსება “სახლობანას”, მე პირადად “სახლობანაში” მონაწილეობას არ მივიღებ. ოპოზიციას მერობის კანდიდატზე შეჯერებული აქვს პოზიცია?! ამაზე თუ ვერ ვთანხმდებით, როგორ ფიქრობთ, არარსებული მინისტრთა კაბინეტის პორტფელების განაწილებაზე შეძლებენ შეთანხმებას? გინდ შეძლოს, რა იქნება ამის შედეგი? – კიდევ ერთხელ მივცემთ “ქართულ ოცნებას” შესაძლებლობას, აბუჩად აიგდოს ოპოზიცია და თქვას, “დათვი ჯერ არ მოუკლავთ და უკვე ტყავს იყოფენო”, როგორც ამას ხშირად ამბობს ხოლმე. პროცედურის დაწყებაზე გინდ მივცე თანხმობა, ვისაც რა უნდა იმ პროცედურას დაიწყებს, არ ვიცი, შეიძლება მივცე თანხმობა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, ამ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მივიღებ და არ ჩავერთვები,”- განაცხადა იოსელიანმა.