უნივერსიტეტებს დაუნდობლად ჩეხავენ, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით – ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია “განათლების რეფორმის” სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.

როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.

განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის.

განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით.

მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია.” – წერია განცხადებაში.