“უნივერსიტეტის რექტორი არ უნდა იყოს ნასამართლევი”- “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც რექტორს ნასამართლეობის შემთხვევაში რექტორის თანამდებობაზე ყოფნას უკრძალავს. ვაშაძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანი არ უნდა იყოს რექტორი, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს კი პროფესორ-მასწავლებლები უნდა ირჩევდნენ.
“ქვეყანაში არის ძალიან დიდი პრობლემა ამ კუთხით. არ შეიძლება უმაღლესი სასწავლებლები იყოს, ასე ვთქვათ, საპენსიო ნავსაყუდელი პოლიტიკური მიზნებისთვის და არ იყოს ამაზე ყურადღება მიქცეული. ამ კანონპროექტის დარეგისტრირებით ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებას ახალგაზრდებზე. მარტივი მოთხოვნაა, არ უნდა იყოს ნასამართლევი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და მეორე უმაღლესი სასწავლებლის რექტორები უნდა ირჩეოდნენ პირდაპირი წესით, ფარული კენჭისყრით, უნდა ირჩევდნენ პროფესორ-მასწავლებლები. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი იქცა “ქართული ოცნების” მიერ დასჯილი ადამიანების ნავსაყუდელად, პრორექტორები, კანცლერები არიან უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატები და ა.შ.” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.