უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას თქვა, რომ ამ მონაკვეთზე მოძრაობის სრულად აღდგენა “უკვე ქალაქსაც დაეტყო”.
“როგორც დაგპირდით, დღეს, ორშაბათს ორმხრივად გაიხსნა მოძრაობა უნივერსიტეტის ქუჩაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული გამოცვლა, იმიტომ, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა.
საგზაო ინფრასტრუქტურა დამთავრებულია, მოძრაობა უკვე ორმხრივად არის შესაძლებელი, თავისუფლად გადაადგილდება ავტომობილები. უკვე ქალაქსაც დაეტყო, სხვათა შორის. გვახსოვს, დილით როგორი საცობები იყო აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვის გამო და პრობლემა იყო გადაადგილების თვალსაზრისით”, – განაცხადა კალაძემ.