უპატიოსნო და არაკორექტულია, ჯერ დათანხმდე, მერე პასუხისმგებლობა სხვებზე გაანაწილო – ბოკერია

“უპატიოსნო და არაკორექტულია, ჯერ დათანხმდე, მერე პასუხისმგებლობა სხვებზე გაანაწილო”- ასე აფასებს,  ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ჯერ ხელი მოაწერეს და შემდეგ პასუხისმგებლობის სხვებზე გადანაწილება დაიწყეს.

“როდესაც პოლიტიკოსი იღებს გადაწყვეტილებას, თუნდაც მძიმე გადაწყვეტილებაში, რომ ამ შემთხვევაში ისეთ ამნისტიაზე წავიდეს, რაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც მძიმეა, ამის შესახებ უნდა თქვას მკაფიოდ, საზოგადოებას უნდა ესაუბროს, მათ შორის, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც დაზარალებულია, მაგრამ მთელ საზოგადოებას და თუ თვლის, რომ ის შეთანხმება და ყველა სხვა ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი ამას გადაწონის, მაშინ უნდა ჰქონდეს ასეთი პოზიცია.

ჩვენთვის, იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ვერ წონიდა ამას, ამიტომაც არ ვართ ამ შეთანხმების ნაწილი. ყველაზე არასწორი ისაა, რაღაცაზე დათანხმება და მერე პასუხისმგებლობის სხვებზე გადანაწილება. ეს უპატიოსნო და არაკორექტული პოზიციაა და კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების ნდობის კუთხით არსებულ კრიზისს.

ამბობენ, მელიამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და პოზიცია შეიცვალოსო. ეს არასწორი მიდგომაა. თუ პოლიტიკოსები თვლიან, რომ ეს ამნისტია სწორია ქვეყნისთვის, მელიას პოზიცია იქნება, თუ საზოგადოების პატივსაცემი ნაწილის, ამისდა მიუხედავად უნდა გააკეთონ. თუ ასე არ თვლიან, მაშინ ეს შეთანხმებამდე უნდა გარკვეულიყო და არა ხელმოწერის შემდეგ. მაგრამ რაღაც მომენტში ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ამ არასახარბიელო ვითარებიდან გამოსვლაზე, არჩევნების გზით ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორორებაზე და ევროპული საქართველო აპირებს ამაზე ფოკუსირებას”. – თქვა გიგა ბოკერიამ.