ევროპისთვის ახალი “მარშალის გეგმა“ მზად არის: ევროჯგუფმა აზრთა სხვადასხვაობები და ევროკავშირის შიგნით შესაძლო ყველაზე დიდი კრიზისი დაძლია. პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის ზომებზე მოლაპარაკებები შედგა. რეკორდული რაოდენობის თანხის – 540 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეთანხმებულია.
ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მთელი ღამე გრძელდებოდა. 16 საათიანი დისკუსიის შემდეგ ევროჯგუფის მეთაურმა, მარიო ცენტენომ შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.
“ჩვენს მიერ დღეს მოწონებული პაკეტი ევროპის მთლიანი მშპ–ს 4პროცენტია, პლიუს ავტომატური სტაბილიზატორები, რომლებიც საკმაოდ ძლიერია იმსათვის, რომ ევროპის ეკონომიკა კრიზისის შემთხვევაში დაიცვას. ეს არის უპრეცედენტო ზომები. ჩვენ არასდროს, არცერთ სხვა კრიზისზე ასე სწრაფი რეაგირება არ გვქონია. “– განაცხადა ცენტენომ.
საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ, რომლებიც დიდი სოლიდარობის მოთხოვნით გამოდიოდნენ, ძირითადად დავის მიზანს მიაღწიეს: დახმარება გაიცემა დამატებითი პირობების და მკაცრი ეკონომიის ზომების შემოღების მოთხოვნის გარეშე.
მოლაპარაკებების დროს შეძლეს ამ მიდგომის მოწინააღმდეგე ნიდერლანდების წინააღმდეგობა დაეძლიათ.
ფინანსური პაკეტი კომპანიების, თანამშრომლების და ჯანდაცვის სფეროში დასაქამებულების დასახმარებლად და ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევადაა განკუთვნილი.
ფინანსური პაკეტი იტალიასა და ესპანეთს, ქვეყნებს, რომლებიც ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზრალა, 240 მილიარდ ევროზე წვდომას სთავაზობს. ეს თანხა კი მათი ჯანდაცვის სისტემებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი მხოლოდ კრიზისის პერიოდში იქნება, და ის კრიზისის დასრულებისთანავე შეწყდება.
ამავე პაკეტით გათვალისწინებულია 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის საკრედიტო გარანტიები იმისთვის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი დაზარალებულ კომპანიებს დაეხმაროს, 100 მილიარდი ევრო კი იმისთვის, რომ უხელფასოდ დარჩენილ ან შემცირებული საათებით თუ ხელფასით მომუშავე ადამიანებს დაეხმარონ.