უპრინციპო, გაზულუქებული, რა უნდა პარლამენტში? – ვაშაძე ოქრიაშვილს პასუხობს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის კრიტიკას. ოქრიაშვილმა თქვა, რომ ვაშაძეს არ მიიჩნევს ოპოზიციონერად, რეალური ოპოზიცია კი ის იქნება, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის გამო პარლამენტს დატოვებს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოქრიაშვილი პარლამენტში თავის ბიზნესს ლობირებს.

“გადახტდნენ, გავიდნენ, გავიდეს კახა ოქრიაშვილი პარლამენტიდან, რას შემოვიდა საერთოდ?! რა უნდა პარლამენტში? ერთი კანონი მითხრას მთელი მისი საპარლამენტო მოღვაწეობის განმავლობაში, რომელიც ხალხს რამეში დაეხმარა. 16 წელია კაცი არის პარლამენტში, სამი საკანონმდებლო აქტი მომიტანოს, რომელიც მან მიიღო. თავისი ბიზნესის ლობირებას ახდენს და მე მიკითხავს მორალს ეს ადამიანი. ხანდახან ვეღარ ითმენ ადამიანი ამდენ უსამართლობას. როგორ შეიძლება კახა ოქრიაშვილმა რომელიმე პოლიტიკოსი გააკრიტიკოს”,– თქვა მან TV პირველის ეთერში.

ვაშაძე ოქრიაშვილს “გაზულუქებულსა” და “უპრინციპოს” უწოდებს.

“როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, ნათელი სახეა ამის. მარტო თავისი ინტერესების დაცვაზე იყო მთელი ცხოვრება. არასდროს მიყვარდა ეგეთი ხალხი ცხოვრებაში. როცა ადამიანი გადახტები, გადმოხტები, იქა ხარ, აქა ხარ…”,– აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.