ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.  ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა.

  • “შემდეგი ხუთი წელი განსაზღვრავს ევროპის ადგილს მსოფლიოში მომდევნო 50 წლით. ეს გადაწყვეტს, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს თუ უფლებას მივცემთ მოვლენებმა თუ სხვებმა ჩამოაყალიბონ ის”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კენჭისყრის წინ.

ფონ დერ ლეიენი ხელმძღვანელობდა კომისიას კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინაში.

კენჭისყრამდე, ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ, დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად და დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად.

  • “ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, წარმატებული და იქნება ჩვენთან ევროკავშირში”. – თქვა ფონ დერ ლაიენმა.