უსამშობლო ადამიანები ბედნიერები იყვნენ, რომ თითქოს, ახალი სკვერი რა დღეშია – კალაძე

“უსამშობლო ადამიანები ბედნიერები იყვნენ, რომ თითქოს, ახალი სკვერი რა დღეშია” – ასე გამოეხმაურა, თბილისის მერი, კახა კალაძე დაზიანებული წყლის მილის შედეგად, ზღვისუბნის პარკში, საფეხმავლო ბილიკზე მიწის ჩატანის ფაქტს.

“გუშინ ერთ-ერთ ფერდზე წყლის მილი დაზიანდა, რამაც პატარა ფერდის ჩამორეცხვა გამოიწვია, მიწა ჩამოიტანა და უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი სკვერი, თითქოს, რა მდგომარეობაშია. არადა, არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, პატარა პრობლემა გამოიწვია, რაც შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება და წინსვლა.

თუმცა, 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს შესაბამისი პასუხი გაეცემათ, როცა მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს – რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდეს განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება […] მინდა, ყველას, ვისაც თბილისის წინსვლა არ უხარია, ვუთხრა, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებული სივრცეებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით”. – თქვა კალაძემ.