“ხედავთ, რომ არახამია, ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, ომში ჩავერთოთ, “მეორე ფრონტი” გავხსნათ, მეორე მხრივ კი ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობს, გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს – დაშანტაჟების მიზანი რომ არის “მეორე ფრონტი”, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად.
ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ “მეორე ფრონტის” გახსნას, ამაზე ქართველ ხალხს ესაუბრონ, ღირსეულები თუ არიან. მაგრამ მათ ღირსება არ აქვთ. არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის”.
როდესაც არის კითხვა, არის თუ არა საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, რათა გვთხოვოს ომის დაწყება, ამას გამოვრიცხავ. ამ კაცს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს. ამაში ყველა აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. განსხვავებით არახამიასგან, რომელიც უსამშობლო კაცია, ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი, ამიტომ ვერანაირი შანტაჟი და მუქარა მას ვერ აიძულებს, რომ ნაბიჯი გადადგას “მეორე ფრონტის” მიმართულებით, რაც არის მათი გაცხადებული მიზანი. ამაზე ღიად საუბრობდნენ დანილოვი და პოდოლიაკი, ახლა შანტაჟით ცდილობენ აქეთკენ წაიყვანონ საქმე, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან.
რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, როდესაც ადამიანის დაშანტაჟება გინდა, ფორმალური სანქცია არ არის ეფექტიანი საშუალება. ადამიანს თუ დასჯი, იმას ვეღარ დააშანტაჟებ, ამიტომ არაფორმალური სანქციაა ამ კუთხით უფრო ეფექტიანი, რაც შვეიცარიაში ხდება. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან იქნება ერთგვარი სასოწარკვეთილი ნაბიჯი სანქციებზე წასვლა, ლოგიკურად, ეს ასე არ უნდა მოხდეს”.
აცხადებს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.