ნიკა გვარამია ეხმიანება მთავარი არხის 111 903 ლარით დაჯარიმებას და წერს, რომ ამის შემდეგი სანქცია მაუწყებლობის შეჩერებაა. ის მარეგულირებელი კომისიის იმ წევრების ფოტოებს აქვეყნებს, ვინც მთავარი არხის კოლოსალური თანხით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო და მათ “ცენზორებს” უწოდებს.
“იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, ივანიშვილის პირად ცენზორებს, რომლებიც “მთავარი არხის” დახურვის დავალებას თანმიმდევრულად ასრულებენ! დღეს სრულიად უსაფუძვლოდ 112.000 ლარით დაგვაჯარიმეს. ამის შემდეგი სანქცია უკვე მაუწყებლობის შეჩერებაა. კახა ბექაური, ვახტანგ აბაშიძე, ეკატერინე იმედაძე!”,– წერს გვარამია Facebook-ზე.
მარეგულირებელმა მთავარი არხის დაჯარიმება მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა, სადაც მმართველი გუნდის წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება. სანქცირების მიზეზი გახდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც მკვლელებად იყვნენ მოხსენიებული ხელისუფლების სხვადასხვა ლიდერები.