“უფრო მეტად განსხვავებულია პოზიციები პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის, ვიდრე გარედან ჩანს” ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„თუ ვინმეს შეუძლია ახლა პოლიტიკურ პროცესში მედიაცია აიღოს თავის თავზე, მას შეუძლია ეს და მისი როლი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა, რომ ეს შანსი გამოიყენოს პრეზიდენტმა. უფრო მეტად განსხვავებულია პოზიციები პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის, ვიდრე გარედან ჩანს, ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ, იმიტომ, რომ ვიცი და მინდა, რომ ის გამოჩნდეს ისე, როგორც სინამდვილეში არის. ბევრად უფრო განსხვავებულია ეს პოზიციები და კარგია, რომ განსხვავებულია. სამწუხაროდ, ივანიშვილი იმ გზით წავიდა, რა გზითაც წინა ხელისუფლება. ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” აბსოლუტურად დახურეს სარკმელი და ახლა მბჟუტავი ენერგიები გამოჩნდა. ძლიერია ომბუდსმენის ინსტიტუტი, ჯერ არ ჩანს პრეზიდენტის ძლიერი მანდატი, მაგრამ აქვს მას ეს რესურსი და ისე როგორც არასდროს, ახლა ამ ვითარებაში, პოლიტიკური დრამისა და უკიდურესად გამოფიტული პოლიტიკურ ვითარების პირობებში, ისეთი მნიშვნელოვანია ახლა, რომ გაბედული ნაბიჯი იმ ადამიანებმა გადადგან, ვისაც ეს კონსტიტუციური ბერკეტი ხელთ აქვთ, უფრო უნიკალური მომენტი არ იქნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.