“უშველეთ ბავშვებს, დარწმუნებული ვარ, საგანგაშო ვითარებაა”- ამის შესახებ, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი პანსიონში საგანგაშო ვითარებაზე საუბრობს და სახელმწიფო ინსტიტუტებს მოოწოდებს, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ბავშვთა მდგომარეობის დასადგენად და გასაუმჯობესებლად.
“გონივრული ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან ბავშვები და სასწრაფოდ ჭირდებათ შველა. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთ. ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მითუმეტეს როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე. ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?! მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?! თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და სასიკეთოდ შევცვალო ბავშვების მდგომარეობა. რადგან ამ ყველაფერს კატეგორიულად და პანიკურად ეწინააღმდეგება მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და სასწრაფოდ შესამოწმებელია.