უჩა აბაშიძეს 5, ხოლო მის მეუღლეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აბაშიძეს 5 წლით, ხოლო იაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს სასამართლომ პატიმრობა 12 მაისს შეუფარდათ.

უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

10 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში “დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს” – სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა. ამავე დღეს, უჩა აბაშიძეს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ – მათთან საუბარში ბლოგერი ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.