კონცერნი Ford Motor მოულოდნელად ავტომობილების ლოგოტიპების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. ამ მიზეზით ზოგიერთ საწარმოში წარმოების შეჩერება გახდა აუცილებელი. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გაირკვა, რომ კონცერნის ამერიკულ საწყობში მარკის ლოგოები გათავდა და სხვადასხვა მოდელის 45 000 ავტომბილი ლოგოს გარეშე დარჩა. კარგად ცნობილი ლურჯი ოვალების გარეშე დარჩა პიკაპი Ford F-150 – ამ მარკის ყველაზე მასობრივი მოდელი და აშშ–ში ყველაზე პოპულარული ავტომობილი.
საქმე იმაშია, რომ Ford–ის ლოგოტიპიან პატარა აბრებს დეტროიტული კომპანია Tribar Technologies–ს აწარმოებს. თუმცა, აგვისტოში წარმოება ეკოლოგიური სკანდალის გამო შეჩერდა – გაირკვა, რომ საწარმო ტოქსიკურ ნარჩენებს პირდაპირ ქალაქის კანალიზაციაში ღვრიდა.
ალტერნატიული მომწოდებლების მოძებნა კი ფორდის კონცერნმა ჯერ ვერ მოახერხა. თავიდან 3D პრინტერის საშუალებით ცდილობდნენ დროებითი აბრების გამოშვებას, თუმცა მათი ხარისხი არადამაკმყოფილებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ლოგოტიპის არარსებობა ავტომობილის მახასიათებლებზე არ მოქმედებს, თუმცა კომპანიას არ უნდა მანქანები ბრენდის ლოგოს გარეშე გაყიდოს, შესაბამისად, პრობლემის მოგვარებამდე მანქანებს გასაყიდად აღარ გაიტანს.