უცხოეთში აცრილი მოქალაქეები მწვანე პასპორტის მიღებას შეძლებენ – ამის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ცნობილი ხდება, მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან აცრილები, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა უცხოეთში, Georgia eHealth აპლიკაციაში რეგისტრაციასა და მწვანე პასპორტის მიღებას შეძლებენ.
“ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან, პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან, პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში. ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს) მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.