უჯანმრთელესი ადამიანი იყო ვირუსამდე, არანაირი ქრონიკული დაავდება არ ჰქონია – ამის შესახებ Covid19-ით გარდაცვლილი 14-ე პაციენტის ახლობელი ნატო ანთია სოციალურ ქსელში წერს.
‘ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ ჩემს მეგობრებში, ვისაც არ გჯერათ რომ კორონა არსებობს ან გჯერათ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ან თუ დაგემართებათ, იოლად გადაიტანთ. გუშინ გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამა, უმაგრესი და ძალიან ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც 2 თვეზე მეტი ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. მას არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადება და სწორედ ამ ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი, რამაც სამწუხაროდ სიკვდილი გამოიწვია.
არავინ ვიცით, ჩვენზე რა გავლენა ექნება. ამიტომ არ გვინდა ეს კაფე-ბარებში სიარული, სახალხო პიკნიკები და სახლის წვეულებები, საპროტესტო ვაი-ვიშვიში როგორ გვატყუებენ და გამოგვკეტეს. ეს ვირუსი არსებობს და დაიჯერეთ, სანამ თქვენ ან თქვენი ახლობლები იგივე ბედს გაიზიარებთ. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.”- წერს ნატო ანთია.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. მამაკაცი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნებოდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
„პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა Covid19. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ეს პაციენტი ჩვენთან სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.