ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში მისი სატელეფონო მოსმენის შიფრებიც არის.
“ამ ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები, ჩემი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის, ჩემი და მამა ანდრია სარიას, ჩემი და მეუფე ნიკოლოზის.
მამა ანდრიას ვესაუბრე whatsaap-ით ძალიან ბევრი ჟურნალისტის საუბრებია ამ ფაილებში, მათ შორის ჩემიც, დაურეკე კომენტარი გვინდა-მეთქი ანდრია სარიას”,– წერს მელაძე და ავრცელებს ფარული ჩანაწერების მონაკვეთს:
“მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნდობით აღჭურვილ სასულიერო პირს, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ აცნობა, რომ მ/წლის 25 სექტემბერს ჭყონდიდობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდგომ, ამბიონიდან მრევლს მიმართა ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურიამ, რა დროსაც შეეხო პ.ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობას და შეაფასა დადებითად. ნ.მელაძის თქმით, ფაქტმა გამოიწვია ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აღშფოთება, რომელმაც ი.ჭანტურია ამბიონიდან ჩამოიყვანა იძულებით და მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება”,– წერია ჩანაწერებში ნოდარ მელაძის ინფორმაციით.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ეპისკოპოსების მოსმენებს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ეპისკოპოსების პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე, კავშირებზე, იერარქიაზე და ა.შ.