ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ე.წ. ოქსფორდის ვაქცინის შექმნას და დამტკიცებას ბრიტანული მეცნიერების ტრიუმფს და ფანტატიურ ამბავს უწოდებს.
დღეს ბრიტანეთის რეგულატორმა AstraZeneca–ს ვაქცინა მოხმარებისთვის დაამტკიცა.
“ახლა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავცრით რაც შეიძლება სწრაფად“– დაწერა პრემიერმა ტვიტერზე.
ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა. ქვეყანამ 100 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც საკმარისი იქნება 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრიტანეთმაPfizer и BioNTech–ის ვაქცინაც პირველმა აღიარა, შეუკვეთა და ვაქცინაცია უკვე დაიწყო, ჯამში შეკვეთილი რაოდენობა მთელი ქვეყნის მოსახლეობის ასაცრელად იქნება საკმარისი.
ვაქცინა 2020 წლის დასაწყისში შემუშავდა, ცდები კი პირველ მოხალისეებზე აპრილში დაიწყო. შემდეგ ტესტირებაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. Pfizer и BioNTech –ის ვაქცინისგან განსხვავებით AstraZeneca–ს შესანახად არა – 70 გრადუსი, არამედ ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაც საკმარისია, ამიტომ მისი ტრანსპორტირება უფრო ადვილი იქნება. ბევრად დაბალია მისი ფასიც – ის 2 დოლარს არ აღემატება.
AstraZeneca აცხადებს, რომ შეუძლია კვირაში 2 მილიონ დოზამდე აწარმოოს. ბრიტანეთმა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან უკვე აცრა 600 000–ზე მეტი ადამიანი.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა ბიბისი–სთან ინტერვიუში ვაქცინის დამტკიცებას ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა.
“2021 წელი შეიძლება იქცეს იმედისა და აღდგენის წლად, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ როგორ შეიძლება პანდემიის დასრულება“.– თქვა მან.
ბრიტანეთში ბოლო დღეებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა – დღეღამეში 53 000 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.
AstraZeneca–ს პრეპარატით ვაქცინაცია ორშაბათს, 4 იანვარს დაიწყება.