საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ფარცხალაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ის რუსულ მედიას ესაუბრა, რომელიც წერს, რომ “საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე 2025 წლის დეკემბერში ფიგურანტი გახდა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც თბილისში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ეხება. საქართველოს დედაქალაქში სროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, მედიასაშუალებები მოკლულს მოიხსენიებდნენ როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს და რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის დიდი ნაწილის დანაშაულებრივი სამყაროს „რუხ კარდინალს“. მსროლელმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყო, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. გამოძიების ვერსიით კი, მკვლელობის ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. ამის შესახებ 2025 წლის დეკემბერში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.“
ფარცხალაძე ამბობს, რომ საქმე „უცხოელი პატრონების“ მითითებითაა შეთითხნილი:
“ მდევნიან შეთითხნილი დანაშაულების გამო, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, და ცდილობენ ისტორიული სამშობლო წამართვან. საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩემი არჩეული გზა მართალია. მზად ვარ სიცოცხლე შევწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.
დროა წარსულში დავტოვოთ ძველი წყენები, რომლებიც ჩვენი ხალხის მტრებმა შექმნეს, და წინ წავიდეთ. საქართველოს ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მისი ინტერესებისთვის და ვინ ხლართავს ინტრიგებს უცხოელი პატრონების სამსახურში, ანგრევს ჩვენს თვითმყოფადობას, წეს-ჩვეულებებს და ერთობას. ასე შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ტრადიციები და რწმენა.“
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება სუვერენიტეტის, ტრადიციების და რწმენის შენარჩუნება, ფარცხალაძე პასუხობს:
“ სამშობლოს –საქართველოს სამსახურის სახელით გრძელი და სახიფათო გზა გავიარე. და დღეს იმ წერტილში აღმოვჩნდი, საიდანაც ვიცი, რომ ძმურ ერებს შორის ურთიერთობის ახალი გვერდი დაიწყება. რთულ დროს ვცხოვრობთ, დროში, როდესაც ძველი ჭრილობები ჯერ ბოლომდე არ მოშუშებულა, ხოლო ცხოვრება უკვე ახალ გამოწვევებს გვიგზავნის.
და როგორც საკუთარ შეცდომებზე, ისე ჩვენი უახლოესი მეზობლების შეცდომებზე დაკვირვებით დავრწმუნდით, პასუხის ვარიანტი მხოლოდ ორი გვაქვს.
პირველი ვარიანტი – ეს არის ჩვენი ისტორიის, რწმენის, მეგობრებისა და ძმების ღალატი; იმის მცირე ნაწილის დათმობა, რაც გვაქვს, თავისუფლების ილუზიის სანაცვლოდ. თავისუფლებისა მორალისგან და ჩვენი ტრადიციებისგან. თავისუფლებისა იმისგან, რომ მამაკაცები იყვნენ დამცველები, ხოლო ქალები დედები.
მეორე – კვლავ გაერთიანება და ღვთის გზის ძიება, რომელიც ჩვენს ხალხს კეთილდღეობამდე მიიყვანს.მართლმადიდებლური სარწმუნოება გვაერთიანებს.
ჩვენი ისტორია სავსეა ტრაგიკული მომენტებითა და გმირული ქმედებებით. გვახსოვს, როგორ დაიღუპა 400 000-ზე მეტი ქართველი დიდ სამამულო ომში, წითელი არმიის მხარეს იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და ღირსებისთვის, გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გმირული თავგანწირვა ამტკიცებს ჩვენს კავშირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა იმ ხალხთან, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ისტორიის ეს მძიმე ფურცლები.
მე მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე, ერთობაზე და გარე საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ წინააღმდეგობაზე.“– ამბობს ფარცხალაძე რუსულ მედიასთან.















