ფაქტები და ვერსიები–რა არის ცნობილი ამ დროისთვის დუგინის ქალიშვილის აფეთქებაზე

რუსი ფილოსოფოსის, კრემლის იდეოლოგის და ე.წ. “რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის ავტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა პადმასკოვიეს ტრასაზე გუშინ საღამოს აფეთქდა. 29 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, მანქანაში უნდა მჯდარიყო თავად ალექსანდრ დუგინიც, თუმცა ბოლო მომენტში ის სხვა მანქანაში გადაჯდა.

ტრაგედია შაბათს საღამოს მოჟაისკოეს შოსეზე მოხდა, მოსკოვის წრიული საავტომობილო გზიდან დაახლოებით 25 კილომეტრში.

Land Cruiser Prado, რომლის საჭესთან 29 წლის დარია დუგინა იჯდა, ტრასაზე მოძრაობისას აფეთქდა, გზიდან გადავიდა და დაიწვა. დარია დუგინა ადგილზე დაიღუპა, მანქანის ნამსხვრევები მთელ ტრასაზე იყო მიმობნეული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა დღეს განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა წინასწარ იყო  დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობაა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის სკამის ქვეშ, მანქანის ძირზე იყო მიმაგრებული.

სხვადასხვა საჯარო ფიგურებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აფეთქებიდან მალევე ივარაუდეს, რომ თავდასხმის სამიზნე შესაძლოა თავად ალექსანდრ დუგინი ყოფილიყო.

საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა.

მამა–შვილი დუგინების ბოლო ფოტო აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე

ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი საპატიო სტუმრების სტატუსით იყვნენ მიწვეულნი ფესტივალ “ტრადიციაზე“, პადმასკოვიეში ზახაროვოს მამულში, სადაც ალექსანდრ დუგინმა ლექცია წაიკითხა.

როგორც ერთ–ერთმა ტელეგრამ არხმა დაწერა, სწორედ იქ, მამულის სიახლოვეს მდებარე პარკინგზე დაამონტაჟეს სავარაუდოდ მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა.

რუსული მედიასაშუალება РЕН ТВ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ , ფესტივალის პარკინგზე, სადაც დარია დუგინას მანქანა იყო გაჩერებული, ორი კვირის განმავლობაში ვიდეოკამერები არ მუშაობდა.

თვითმხილველების თქმით, დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვში დაბრუნებას ერთი მანქანით გეგმავდნენ, თუმცა ბოლო მომენტში გეგმები შეიცვალა და ალექსანდრ დუგინი სხვა მანქანაში ჩაჯდა. ის შვილის მანქანის უკან მიდიოდა და პირველი მივიდა ავტომობილის აფეთქების ადგილზე, რომელშიც მისი შვილი იჯდა.

მწერალმა ზახარ პრილეპინმა, რომელიც ასევე მონაწილებდა ფესტივალში, დაწერა, კონრეტულად ვინ იყვნენ პარკინგზე დუგინებთან ერთად.

“გუშინ საღამოს ფესტივალიდან, იმავე საზოგადოებრივი პარკინგიდან წავიდნენ: ფესტივალის თანაორგანიზატორი, დონბასის და მისი აბმოხებული მეთაურების მეგობარი, ედუარდ ბოიაკოვი ოჯახთან ერთად, ჩვენი ძმა და მეგობარი მთელი ამ წლების განმავლობაში ალექსეი ჯანგო პადდუბნი ოჯახით, ჩვენი ძმა და მეგობარი დიმიტრი რევიაკინი ოჯახით და მისი გუნდით, მევიოლინე პიოტრ ლუნდსტრემი ოჯახით. იყვნენ მებრძოლებიც, დონეცკელი და ლუგანსკელი რეზერვისტებიც,  და იყო უამრავი ადამიანი. იქ ყველას მანქანა გვერდიგვერდ იდგა და ერთად იდგა საცობში სახლისკენ მიმავალ გზაზე. დაშა საერთო ნაკადზე რამდენიმე წუთით ადრე გავიდა“–დაწერა პრილეპინმა.

ალექსანდრ დუგინი ცნობილია, როგორც ფილოსოფოსი და კონსერვატორი პუბლიცისტი, ე.წ. “რუსული სამყაროს“ და ნეოევრაზიულობის იდეოლოგი, რაც რუსეთის მის მეზობლებზე დომინირებას, აშშ–სთან და ნატოსთან დაპირისპირებას და მთელ ევრაზიულ კონოტინენტზე რუსეთის გავლენის გავრცელებას გულისხმობს. მრავალი წლის მანძილზე დუგინი მოსკოვს მოუწოდებდა მსოფლიო არენაზე უფრო აგრესიული თვითდამკვიდრებისკენ.

დასავლური მედია დუგინს თანამედროვე რუსეთის ერთ–ერთ მთავარ იდეოლოგს უწოდებს, რომელის აზრსაც პუტინი, მისი ძალოვანები და კრემლის ჩინოვნიკები ითვალისწინებენ.

2014 წელს დუგინი მკაფიო ანტიუკრაინული განცხადებებით გამოდიოდა. კერძოდ, ოდესაში 2 მაისს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების კომენტირებისას მან მოუწოდა რუსეთს “მოკლას, მოკლას და მოკლას.“ მან ცალსახად მხარი დაუჭირა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას და ბოლო პერიოდის პოსტში მოითხოვა რუსული ელიტისგან ღიად ჩამოყალიბდნენ ამ საკითხზე:

“ჩემი აზრით, ყველა მაღალჩინოსანმა რუსეთში ღიად უნდა გამოთქვას თავისი დამოკიდებულება სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.ან პოსტი დატოვოს. ზოგიერთი რაღაც საეჭვოდ დუმს. და ჩვენ ძალაუნებურად ვიწყებთ მათი დუმილის ჩვენებურად ინტერპრეტირებას. ნუ გვაცდუნებთ, გარკვევით თქვით მხოლოდ ერთი ასო Z. ან პატიოსნად გაქრით თვალთახედვის არედან“– დაწერა დუგინი.

2014 წლიდან დუგინი შეტანილია ევროკავშირის სასანქციო სიაში, 2015 წლიდან კი ამერიკის და კანადის სიაში რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიაში მონაწილეობისთვის.

მისი ქალიშვილი, დარია სრულად უჭერდა მხარს მამის იდეოლოგიას და მისი მარჯვენა ხელი იყო. მასთან ერთად ის გამოდიოდა ლექციებით ფილოსოფიასა და პოლიტოლოგიაში, მუშაობდა პოლიტიკურ მიმომხილველად დუგინის მიერ დაფუძნებულ “საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში“, წერდა პოლიტიკურ სტატიებს პროკრემლისტური მედიისთვის ფსევდონიმით დარია პლატონოვა.

აშშ–ს და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა დეზინფორმაციის გავრცელების გამო ისიც სასანქციო სიაში შეიყვანეს.

წელს მაისში დარია დუგინამ უკრაინაში ომს “ცივილიზაციების შეჯახება“ უწოდა და გამოთქვა სიამაყე იმ ფაქტის გამო, რომ ის და მამამისი დასავლეთის სანქციებში მოხვდნენ.

ვერსიები და რეაქცია:

ვინ ჩადო ბომბი დუგინის ქალიშვილის ავტომობილში–ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ზოგიერთმა რუსმა და პრორუსმა მოღვაწემ მაშინვე აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშლინმა ერთ–ერთმა პირველმა გამოხატა რეაქცია დარია დუგინას გარდაცვალებაზე და განაცხადა, რომ ის უკრაინელი დივერსანტების მსხვერპლი გახდა, რომლებსაც მამამისის აფეთქება უნდოდათ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა კატეგორიულად განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.

“ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინას ამასთან საერთო არაფერი აქვს, იმიტომ რომ ჩვენ კრიმინალური სახელმწიფო არ ვართ, რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, და მითუმეტეს, არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო“–თქვა პოდოლიაკმა.

მისი აზრით, ეს მკვლელობა მოწმობს, რომ რუსეთში ძალაუფლებისა და გავლენისთვის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი პროგნოზირებს, რომ ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება შიდა იდეოლოგიური სივრცის რადიკალიზაციისთვის გამოიყენებს.

ამაზე მეტყველებს ასევე პროკრემლისტური ჟურანლისტების რეაქცია მომხდარზე.

“რაშა თუდეის“ ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ტვიტერზე დაწერა დარია დუგინას სიკვდილზე და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დარტყმები მიიტანოს უკრაინის “გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“.

“ყველა, ვინც ახლა უდიერად მოიხსენიებს დაშას სიკვდილს, სარკაზმში და ტროლინგში ვარჯიშობს, მუნ.დეპუტატები, ბლოგერები, აქტივისტები, უნდა დააპატიმრონ. დროა ნაგავი გავიტანოთ“– დაწერა სიმონიანმა.

ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ დანაშაულის გახსნას “ღირსების საქმე“ უწოდა.

“დარია პლატონოვას ბარბაროსული სიკვდილი, ეს არის სინამდვილეში ტერორისტული შეტევა რუსული სამყაროს იდეოლოგიაზე და საფუძვლებზე“– დაწერა სლუცკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.

“თუ დამტკიცდა უკრაინული კვალი – და ეს ვერსია დენის პუშლინმა გაახმოვანა – და ის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეამოწმონ, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე, რომლის რეალიზებას კიევს რეჟიმი ახდენს“– დაწერა ზახაროვამ.

პირველი კითხვა, რომელიც აფეთქების შემდეგ დაისვა და ამ დრომდე უპასუხოდ დარჩა,  არის ის, თუ ვინ იყო სინამდვილეში სამიზნე: შვილი თუ მამა.

“არ არის აუცილებელი გამომძიებელი იყო, რომ დიდი ალბათობით ივარაუდო – მკვლელების სამიზნე სწორედ მამა დუგინი იყო. თანამედროვეობის მთავარი რუსი ფილოსოფოსი, რუსული სამყაროს იდეოლოგი. დუგინი – არის ავტორი რუსეთის მომავლის ფორმულისა, რომელიც სრულიად გასაოცრად და ჯადოსნურად დაკრისტალდა 2014 წელს.“ – დაწერა “კამსამოლსკაია პრავდას“ მიმომხილველმა სერგეი მარდანმა, რომელიც დარია დუგინასთან მუშაობდა.

დარია დუგინას მეორე მეგობარი, სერგეი კარნაუხოვი პირიქით, თვლის, რომ სამიზნე სწორედაც დარია შეიძლებოდა ყოფილიყო.

“მამაზე თავდასხმა? ეს უცნაური არჩევანი იქნებოდა. დაშა ახლა ბევრად უფრო ცნობადი და მნიშვნელოვანი ფიგურაა საჯარო პოლიტიკურ სივრცეში“– უთხრა კარნაუხოვმა ტელეარხ РенТВ–ს.

იგივე ვარაუდი, თუმცა საკუთარი დასაბუთებით გამოთქვა ოპოზიციონერმა ღვთისმეტყველმა და საზორგადო მოღვაწემ, ანდრეი კურაევმა, ამავე დროს მიანიშნა მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების შესაძლო კავშირის შესახებ:

“ჩანასახშივე მოკლეს რუსი მარი ლე პენი“– დაწერა კურაევმა.

“დარია მამის იდეებს იზიარებდა, გარდა ამისა, ახლოს იყო მემარჯვენე ევროპული პარტიების მომხრეებთან. განსაკუთრებით, მარი ლე პენის “ნაციონალურ გაერთიანებასთან“. დღეს ხშირად შეიძლება შეხვდეთ მოსაზრებას, რომ კრემლისთვის უფრო საშიში რადიკალი პატრიოტები არიან, ვიდრე ლიბერალები. დუგინი მისი კაბალისტიკით არ შეიძლებოდა სახალხო სიმპატიების ლიდერი არ გამხდარიყო. ლამაზმან დარიას კი აშკარად რუსეთის მარი ლე პენად ამზადებდა“– წერს ის.