ფაქტი, რომ ოპოზიცია აქ შეიკრიბა უბრუნებს პრეზიდენტს თავის როლს – ზურაბიშვილი

“ფაქტი, რომ ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, უბრუნებს პრეზიდენტს თავის როლს”-   ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის, საზოგადოებისთვის და ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

“ასევე, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობისა და სახელმწიფოს სახეს საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში. და ამდენად ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს ნამდვილ როლს. მეტიც შეუძლია ალბათ, გააკეთოს და თუ საჭირო გახდება და იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება, ის მედიაცია შეასრულოს და მემგონი, ეს არის საზოგადოების სურვილიც, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო”, – თქვა მან.