”დაფინანსებაზე კანონპროექტი, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს”- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებენ:
“მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არცერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები” – წერია პირველი არხის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი დაუჭირა. პირველი მოსმენით, 79 ხმით ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის მიხედვით, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ს არანაკლებ 0,14%-ით ითვალისწინებს.