ფაქტობრივად ენმ-საც გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შემოსვლა – იოსელიანი

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში, ეს ვერ დააბრკოლებს რეფორმების გატარების შესაძლებლობას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად იმისა, რომ არის სიდიდით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მაინც არის ერთი პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა შემოსულია პარლამენტში და ამ თვალსაზრისით, პარლამენტი სიცოცხლისუნარიანია. არის საკონსტიტუციო უმრავლესობა წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმების გასატარებლად. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში, ეს ვერ დააბრკოლებს რეფორმების გატარების შესაძლებლობას. ჩვენ შევძლებთ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველა სხვა ცვლილება, რომელიც საჭირო იქნება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. თუ არ შემოვლენ ეს იქნება ცუდი, იმიტომ, რომ ვერ დაკომპლექტდება პარლამენტი სრულად, მაგრამ ეს იქნება მათი არჩევანი და საბოლოო ჯამში, ეს პარტია დარჩება პროცესებს მიღმა. მაგრამ, რა განცხადებებსაც ვისმენ, ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვთ შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.