ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს ჩვენი ხელისუფლების ნაცვლად – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„არავის სჯერა, რომ ეს ადამიანები თავად აკეთებენ განცხადებებს. „ქართული ოცნება“ მორიგ ბიბლიურ ისტორიას წერს, როდესაც მოსეს ნაცვლად მისი ძმა აარონი საუბრობს, აარონის იმიტაცია ხდება. მორიგი ბიბლიური ლეგენდა იკვრება. სამწუხაროდ, ეს ანტიბიბლიური ისტორია ქვეყნის გადარჩენაზე კი არა დაღუპვაზეა ორიენტირებული. ამის ავტორია „ქართული ოცნება“, რომელიც ამას არ უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ ეს ჯგუფი იმიტომ გავიდა პარტიიდან, რომ თქვან ის, რასაც „ქართული ოცნება“ ფიქრობს, მაგრამ არ ლაპარაკობს.
ის, რაც ამ წერილში წერია, წმინდა წყლის პრორუსული პროპაგანდაა, გაასწრეს კიდეც. რუსულ პროპაგანდისტებსაც არ ჰყოფნით ფანტაზია, რომ ამხელა შეთქმულების თეორია დადგან, ასეთი რაღაცები დააბრალონ ამერიკას.
დღეს სამყარო ორად არის გაყოფილი, ანტიდასავლური და ანტიამერიკული ავტომატურად ნიშნავს პრორუსულს, მესამე არჩევანი არ არსებობს. უნდათ პატრიოტიზმად გაასაღონ, მაგრამ ძალიან ბრიყვი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება. როდესაც დასავლეთს აკრიტიკებ და ლანძღავ, ამით რუსეთს ეხმარები, მისი გავლენის სფეროში შედიხარ. ამაში პარანოიის ნიშნებიც არის. ისეთი ვითარებაა, როდესაც ლოგიკური ახსნის მოძებნა და პოლიტიკურ ლოგიკაში ჩასმა ძალიან რთულია. ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს ჩვენი ხელისუფლების ნაცვლად. მე არ მინდა ეს დავიჯერო, მინდა ეს სიბრიყვეს და აფექტურ მდგომარეობას დავაბრალო. შესაძლოა, ხელისუფალი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს და მზად არის ასეთი რადიკალური ზომები მიიღოს“,-აღნიშნავს ხუხაშვილი.