“ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაჭერილი და მოგვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე. ” – ამბობს რეჟიმის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
“გუშინ ინგა გრიგოლიას ეთერს რომ ვუყურებდი ძალიან მინდოდა შესაძლებლობა
მქონოდა ჩართვის და იმის თქმის, რაც მომაწვა ყურებისას, ფაქტობრივად, ჩემ დაკავებას ვუყურე გვერდიდან, “დეჟა ვუ” მქონდა!
ერთნაირი მოძრაობები, ალყის შემორტყმა, სიტყვებიც კი იგივე ისმოდა “ნუ პანიკიორობ!”, მოწმის გვერდზე გაწევა, ამ რაოდენობის ადამიანის ასე უცბად თავს შემოხვევა და ალყაში მომწყვდევა.
განსხვავება იყო ერთადერთი ის რომ მე გადამაყუდეს რაღაც მომენტში. ზუსტად ასეთი მეთოდებით ცდილობდნენ ჩადებას. ჩემს შემთხვევაში ჯერ უკანა ჯიბეში, სადაც ვერ მოახერხეს და მერე წინა ჯიბეში ჩამიცურეს.
მანდ არ გამოუვიდათ, ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაჭერილი და მოგვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე.
მადლობა ამ გოგოს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთა, ასე რომ იყოჩაღა და გადაარჩინა ლაშა.
ეს ყველაფერი საჯარო გახდა და ვერ შეძლეს ჩანაფიქრის განხორციელება, ვფიქრობ ამან შეაჩერათ და ასევე იმან, რომ თუ “ამოიღებდნენ ფაქტს” ამდენი ადამიანის, მოწმეების თვალწინ მოუწევდათ დალუქვა და შესაბამისად, რომ დალუქავდნენ ლაშას ბიოლოგიური მასალა ზედ ვერ იქნებოდა დატანილი, ჩემ შემთხვევაში მოწმე არ იყო რომ დალუქვა ენახა, ბიოლოგიური მასალა ჩემი თანხმობის გარეშე ხელთათმანით იღლიებიდან და პირიდან ამიღეს და დაატანეს იმ ჩადებულ შეკვრას.
ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადამიანების დასაკავებლად სამმართველოს უფროსები, პოლიციის უფროსები არ დადიან თავად და იქ იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი”,- ამბობს ახობაძე.